Sunday, December 13, 2009

საკუთრება

საკუთრების შინაარსი

საკუთრების უფლებას სამოქალაქო კოდექსი განმარტავს, როგორც ნივთის მფლობელობის, სარგებლობისა, და განკარგვის უფლებამოსილებათა ერთიანობას. საკუთრება მოიაზრება თავისი პოზიტიური და ნეგატიური მდგომარეობით. პოზიტიურ შინაარსში იგულისხმება მესსაკუთრის ნივთთან ურთიერთობა, რაც საკუთრების სტატიკური მდგომარეობის გამომხატველია. აქ ხაზი ესმება საკუთრების მოხმარებით, დანიშნულებით მდგომარეობას. ნეგატიურ შინაარსში კი იგულისხმება ნივთის თაობაზე პირთა შორის ურთიერთობა, რასაც აბსოლუტური ურთიერთობა ჰქვია. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა მესამე პირი ვალდებულია თავი შეიკავოს სხვისი საკუთრების დარღვევისაგან.
მესაკუთრის უფლებამოსილებებიც შეზღუდულია ან კანონით ან ხელშეკრულებით. სწორედ ამას გულისხმობს კოდექსის ნორმა: “მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას (მ.170.1).”
მესაკუთრეს ეკრძალება თავისი უფლების ბოროტად გამოყენება (შიკანა), რაც გულისხმობს ისეთ ქმედებას, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არაა გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესების უპირატესობა და მოქმედების აუცილებლობა. სამოქალაქო სამართალი ვერ ითმენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ მოვალეობა თვით უფლებაშია ჩადებული, თუმცა დოქტრინის მიხედვით უფლების ბოროტად გამოყენება უფლების ფარგლებიდან გამოდის და ეს უფლების გარეშე მოქმედებაა. შიკანა იწყება იქ, სადაც უფლება იწყება ზიანის მიყენების, დელიქტის იარაღად.
სარგებლობის უფლება სამოქალაქო კოდექსის მიხედვით არის უფლება ისარგებლო ან არ ისარგებლო ნივთით. თუმცა კანონი ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებსაც, როდესაც მესაკუთრეს შეიძლება დაეკისროს ნივთით სარგებლობის ან მოვლისა და შენახვის ვალდებულება, თუ ამ ნივთის გამოუყენებლობა ან მოუვლელობა ხელყოფს საზოგადო ინტერესებს. ამას მაშინ ექნება ადგილი, როცა საკუთრების ობიექტი განსაკუთრებული სოციალური, კულტურული ფასეულობაა. თუ მესაკუთრე თავად ვერ/არ ახორციელებს ასეთ ვალდებულებას, მას შეიძლება დაევალოს შესაბამისი სასყიდლით ნივთის სხვა პირისათვის სარგებლობაში გადაცემა.
ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი არის ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია ამ ნივთის, ან ამ ნაწილის განადგურების, ან მათი დანიშნულების დაკარგვის გარეშე, იგი ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში (მ.150.1). შესაბამისად, ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც (მ.171).

მესაკუთრის უფლების დაცვა ხდება ვინდიკაციური (მ.172.1) და ნეგატორული (მ.172.2) სარჩელებით. ამ სარჩელებს მესაკუთრე მიმართავს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა. ვინდიკაციური სარჩელი გამოიყენება, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირება სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. როცა ნივთი მესაკუთრის ხელიდან მისი ნების გარეშე გამოდის, მას შეუძლია ნებისმიერ პირს (მ.შ. კეთილსინდისიერ შემძენს) გამოსთხოვოს ნივთი და ეს უკანასკნელი ვალდებულია დააბრუნოს იგი. აუცილებელია, რომ პირს, რომლისგანაც მესაკუთრე ნივთს ითხოვს, არ ჰქონდეს მფლობელობის უფლება (მაგალითად, მოქირავნე, მთხოვებელი და ა.შ.). ნეგატორული სარჩელი გამოიყენება, როცა მესაკუთრე კვლავაც ნივთის მფლობელია, მაგრამ სხვისი უკანონო მოქმედების გამო ხელი ეშლება საკუთრების გამოყენებაში. ამ შემთხვევაში მას შეუძლია ხელისშემშლელს მოსთხოვოს ასეთი მოქმედების აღკვეთა. და თუ მოთხოვნის შემდეგაც გაგრძელდა ხელშეშლა, მესაკუთრეს შეუძლია მოქმედების აღსაკვეთად სასამართლოს მიმართოს.
დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსით უძრავ ნივთზე ნეგატორული სარჩელის გამოყენების სპეციალური წესი არსებობს: თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელისშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოსაგან, კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გზით, გარდა სავარაუდო ხელმყოფის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევისა (მ.172.3). ასეთ შემთხვევაში მესაკუთრე არაა ვალდებული პირდაპირ სასამართლოს მიმართოს და უფრო მარტივი პროცედურებით შეუძლია აღკვეთოს უკანონო ხელშეშლა. სამართალდამცავ ორგანოებს წარედგინება საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელისშემშლელს არ აქვს უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი, სამართალდამცავი ორგანოები აღკვეთენ მისი მხრიდან ხელყოფას. ხოლო თუ მას ასეთი დოკუმენტები გააჩნია, მაშინ საქმეში სასამართლო ერევა.

საერთო საკუთრება არაა საკუთრების რაიმე ფორმა. იგი წარმოიშობა როგორც კანონის, ისე გარიგების საფუძველზე. საერთო საკუთრება შეიძლება იყოს წილადი, როდესაც თითოეულ თანამესაკუთრეს გარკვეული წილი გააჩნია საერთო საკუთრებაში ან საზიარო, როდესაც თითოეული თანამესაკუთრის უფლება ვრცელდება მთელს ქონებაზე. როგორი იქნება საერთო საკუთრება განისაზღვრება არა იმდენად მხარეთა ნების საფუძველზე, არამედ საკუთრების ობიექტის თავისებურებებიდან. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო (მ.173. ნ.1 წ.2). ეს შეიძლება გააკეთოს ნებისმიერმა თანამესაკუთრემ, ან ასეთი მოთხოვნა მინდობილი ჰქონდეს საერთო საკუთრების მართვის ორგანოებს. კოდექსი ითვალისწინებს საერთო საკუთრების დაცვის შესაძლებლობებსაც: ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ (მ.173. ნ.1 წ.3). მართალია კოდექსი, ამ მხრივ, მხოლოდ ვინდიკაციურ სარჩელს ახსენებს, მაგრამ სავარაუდოა, რომ ნეგატორული სარჩელიც იგულისხმება. მთავარი ისაა, რომ საკუთრების დაცვა ხდება ყველა მესაკუთრის ინტერესების სასარგებლოდ.
საერთო საკუთრების სარგებლობა და განკარგვა ხდება კანონით დადგენილი წესით ან თანამესაკუთრეთა ურთიერთშეთანხმებით. ასე, მაგალითად, საერთო საკუთრებაში არსებული ნივთი თანამესაკუთრეებთან შეთანხმების საფუძველზე შეიძლება დაგირავდეს ან უფლებრივად დაიტვირთოს ერთ-ერთი მესაკუთრის სასარგებლოდ და მისი ინტერესებისათვის (მ.173.2). ამ შემთხვევაში დამგირავებელია ყველა თანამესაკუთრე ერთდროულად.
საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის შენახვისა და მოვლის ხარჯები თანამესაკუთრეებს ეკისრებათ თანაბრად, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (მ.173.3). მართალია, საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობა ერთობლივად ხორციელდება, მაგრამ თანამესაკუთრეს უფლება აქვს ცალკეულ შემთხვევებში დამოუკიდებლად განახორციელოს ეს უფლებამოსილება.
მოქმედი კოდექსის თანახმად, საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით (მ.173.4). უპირატესი შესყიდვის უფლება გულისხმობს იმას, რომ თუ თანამესაკუთრე მოინდომებს ნივთის გასხვისებას, ვიდრე მესამე პირს შესთავაზებდეს ყიდვას, მანამდე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს თანამესაკუთრეს ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსი და ვადასაც ნიშნავს, რა დროშიც თანამესაკუთრეს შეუძლია შეიძინოს ნივთი. თუ ეს უკანასკნელი თანახმაა პირობებზე, მაშინ იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში უპირატესი შესყიდვის უფლება ქარწყლდება და გამყიდველს შეუძლია სხვა პირს მიჰყიდოს ნივთი.
თუ უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს რამდენიმე პირს, გამყიდველი არჩევს ერთ-ერთს, რომელსაც მიჰყიდის ნივთს. უპირატესი შესყიდვის უფლება არ მოქმედებს წილის საჯარო ვაჭრობის გზით (მაგალითად, აუქციონზე) გასხვისების შემთხვევაში.
უპირატესი შესყიდვის უფლება გარკვეულწილად ზღუდავს სახელშეკრულებო თავისუფლებას, ამიტომ მოქმედმა კოდექსმა დაადგინა, რომ ეს უფლება შეიძლება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით განისაზღვროს.

Saturday, December 12, 2009

მოთხოვნის უზრუნველყოფის სამართალი

ივანე აბაშიძე



გირავნობა. სახელშეკრულებო ბოჭვა არ ნიშნავს მხარის ნებაზე ზეწოლას ან რაიმე სახის ზემოქმედებას, არამედ ეს ბოჭვა არსებობს უკვე დადებული ხელშეკრულების ფარგლებში და არა წინასწარი ნების გამოვლენისას. სანივთო გარიგებისათვის მართალია დაწესებულია მთელი რიგი იმპერატიული დანაწესები, თუმცა მისი მთავარი მახასიათებლი მაინც ისაა, რომ მისი განხორციელება დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე.
სანივთო ურთიერთობის, უფლების წინაშე ვალდებულია ყველა პირი. მხარეთა ნება სანივთო გარიგებისათვის აუცილებლად უნდა იყოს გამოხატული, მაგრამ კანონის ფარგლებში.
მოთხოვნის უზრუნველყოფის სამართალზე საუბრისას განსახილევლია 2 სახის გარიგება ესენია: გირაო და იპოთეკა, მათ განსახორცილებლად აუცილებელია მხარეთა ნება.
254-285 მმ. სამოქალაქო კოდექსში უკვაშირდება სწორედ გირავნობა. იგი ადრეც არსებობდა, რომის სამართალში, ძველად საქართველოში მას წინდს უწოდებდნენ. იგი ყოველთვის წარმოადგენდა კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას.
გირავნობა აქცესორულია ანუ თანმდევი ხასიათისაა.
254 მ. _ გირავნობის ცნება. გირავნობის სუბიექტებია: მოვალე, მესამე პირი, კრედიტორი, მოგირავნე, დამგირავებელი. ურთიერთობა საგბრძნობლად მარტივდება, როცა სახეზეა მხოლოდ დამგირავებელი და მოგირავნე. მოვალე შესაძლოა იყოს არა კრედიტორის, არამედ დამგირავებლის მოვალე, მესამე პირი შეიძლება იყოს ისეთი პირი, რომელსაც რაიმე სახით შეეხება გარკვეული სამართლებრივი შედეგები. გირავნობის საგანი შეიძლება იყოს მოძრავი ნივთი ან სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთე , რომელთა მესამე პირებისათვის გადაცემა შესაძლებელია. აღნიშნული გამომდინარეობს 147 მუხლიდან, რომელიც ქონებას განმარტავს. ანუ გირავნობის საგანი შესაძლოა იყოს ნებისმიერი ის საგანი, რომელთა ფლობა , სარგებლობა და განკარგვაც შეუძლიათ მესამე პირებს, რომელთა შეძენა ასევე თავისუფლად დაიშვება. 147მ-დან გამომდინარე გირავნობის საგანია მოძრავი ნივთები და აგრეთვე არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. არ შეიძლება პასპორტის, ცეცხლსასროლი იარაღის, ნარკოტიკების დაგირავება.
სიახლე გირავნობის სამართალში, რომ კრედიტორს შუძლია გირავნობით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა, თუ ვალდებულება არ სრულდება, ამ მუხლიდან გამომდინარეობს, რომ მას შეუძლია გირავნობის საგნის რეალიზაცია ან საკუთრებაში მიღება. აღსანიშნია, რომ აქ მოვალის ნებას აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ენიჭება. (254 მ.)
გირავნობა შეიძლება მიმართული იყოს სამომავლო მოთხოვნებზე _ 254 მ. როცა დამგირავებელს ყავს რამდენიმე კრედიტორი, მოგირავნეს აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. როცა არსებობს სახელშეკრულებო და კანონისმიერი გირავნობა, რიგითობის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება კანონისმიერ გირავნობას და უპირატესობა მიენიჭება მას, მიუხედავდ იმისა, რომ სახელშეკრულებო გირავნობისას არსებობს სანივთო გარიგება.
254 V მუხლი _ შემდგომში შეძენილი ქონება შესაძლოა გახდეს გირავნობის საგანი. ამ დროს იგი გირავნობის საგანი ხდება შეძენისთანავე.
არსებობს მფლობელობითი და რეგისტრირებული გირავნობა. 257 მ. მფლობელობითი გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებლია მხარეთა შეთანხმება და ნივთის გადაცემა, რეგისტირებული გირავნობისათვის აუცილებელია მხარეთა შეთანხმება და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მფლობელობითი გირავნობისათვის აუცილებლი არაა წერილობითი შეთანხმება, ხოლო რეგისტრირებულისათვის აუცილებლია. აღნიშნული დათქმის რეკვიზიტებია: აუცილებლად მიეთითოს ის თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა (გირავნობის ფარგლები). 256 მ. =>>როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი მოთხოვნებიც შეიძლება გირავნობის ფარგლებმა მოიცვას, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
გირავნობის უფლება ნაყოფზე _ თუკი მხარეები მის მიღებაზე შეთანხმდებიან აღნიშნული დასაშვებია.
მოთხოვნებისა და ფასიანი ქაღალდების დაგირავება _ იდება წერილობითი ფორმის გარიგებით (შესაძლოა სანოტარო წესით დამოწმებაც) და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება. მოვალეს უნდა ეცნობს _ წერილობით, მოთხოვნის დაგირავების შესახებ.
გირავნობის სუბიექტების უფლებები და მოვალეობები. გირავნობის საგნის და უფლებების ტრანსფორმაცია. უფლების ტრანსფორმაცია მაშინაა, როცა სახეზეა სუროგაცია , ხოლო საგნის ტრანსფორმაციაა, როცა ხდება საგნის გადამუშავება, შერწყმა. რაც შეეხება მოვალეობებს აღსანიშნია ის, რომ დამგირავებელი ვალდებულია დააზღვიოს გირავნობის საგანი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით. აგრეთვე უპირველესია ნივთის სათანადო მოვლისა და შენახვის ვალდებულება. ეს ვალდებულებანი რეგისტრირებული გირავნობის დროს ეკისრება დამგირავებელს, მფლობელობითი გირავნობის დროს კი მოგირავნეს, რადგან ნივთი მასთან იმყოფება. უპირველესი უფლება კი ისაა, რომ მას შეუძლია სარგებელი მიიღოს გირავნობის საგნიდან, მფლობელობითი გირავნობის დროს კი მოგირავნეს. 262 II მუხლიდან გამომდინარეობს, რომ მიღებული სარგებელი უნდა ჩაითვალოს უზრუნველყოფილი მოთხოვნის ანგარიშში.
მოგირავნის უფლებაა აგრეთვე ნივთის შენახვის გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურება დამგირავებლისგან _ აქ განირჩევა მხოლოდ აუცილებლი ხარჯების ანაზღაურება. ჩვეულებრივი ხარჯები არ ანაზღაურდება. თუ დამგირავებელი სათანადოდ არ ინახვას ნივთს, მოგირავნეს შეუძლია გირავნობის საგნის მისთვის ან მესამე პირისათვის გადაცემის მოთხოვნის წამოყენება.
გირავნობის ერთ-ერთი ფორმაა ლომბარდში დაგირავება =>> მხარეთა წერილობითი შეთანხმებით=>> და ლომბარდის მფლობელის მფლობელობაში გადადის ნივთი _ 260 მ.
260 I მუხლი _ დალომბარდებული ნივთის რეალიზაცია _ აქ სიახლეა ის, რომ კრედიტორის (ლომბარდის) მოთხოვნა წყდება იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაცია სრულად ვერ დაფარავს მის მოთხოვნებს.
მოთხოვნების და ფასიანი ქაღალდების დაგირავების წესი _ 259 მ _ წერილობითი ფორმა გარიგებისათვის აუცილებლია და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. თუ მოხდა სანოტარო წესით დამოწმება, სავალდებულო ხდება რეგისტრირებული გირავნობისათვის აუცილებელი წესები.
მოთხოვნის დათმობა. სასამართლო პრაქტიკაში ხშირად ხდება სესხის დროს გამსესხებლის მიერ, მსესხებლის მიმართ მოთხოვნის დათმობა. თუ კრედიტორს გააჩნია მოთხოვნა შეიძლება მოხდეს ამ მოთხოვნის დაგირავება. ფასიანი ქაღალდების დაგირავება რეგულირდება ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ვიდრე მოვალეს ეცნობება მოთხოვნის დაგირავების შესახებ, მას შეუძლია შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელის წინაშე, ამ დროს ხდება ერთი საინტერესო სამართლებრივი ცვლილება, ხდება სუროგაცია და მოთხოვნას ენაცვლება შესრულება.
264 მ. სუროგაცია ამ დროს ხდება გარიგების საგნის ჩანაცვლება სუროგატით. გირავნობის ვადის გასვლამდე მოვალე ასრულებს თავის ვალდებულებას ანუ სუროგაცია ხდება და გირავნობის საგნის ტრანსფორმაციის შედეგად მოთხოვნის ადგილს იკავებს შესრულება. თუ გირავნობის საგანი იცვლება სხვა საგნით, ანაზღაურებით _ აქაც ადგილი გვექნება სუროგაციასთან (271 მუხლიდან საინტერსოა ის, რომ ამ დროს წყდება გირავნობის უფლება და არა ძირითადი მოთხოვნა, რაც ლოგიკურია საგნის ცვლილების გამო (სუროგაცია)).
267 მუხლი _ მოვალე ვალდებულია მოახდინოს დაღუპული გირავნობის საგნის ჩანაცვლება ახალი საგნით. თუნდაც იგი დაუძლეველი ძალის გამო დაიღუპოს. 265 მ. გირავნობის საგნის შეცვლით, შერწყმით, გადამუშავებისას როგორც წესი გირავნობის უფლება წყდება (შეადარე სსკ 196 მუხლს.)
გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია სანივთო გარიგება და ნივთის მფლობელობაში გადასვლა ან რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. E სანივთო გარიგება ( + მხარეთა ნება) აუცილებელია, თუ საქმე არ გვაქვს კანონისმიერ გირავნობასთან.
გირავნობის საგნის რეალიზაცია. რიგითობა. 279 მ. ვალდებულებაა 86შეტყობინება სხვა მოვალეებისათვის. შესაძლოა რეალიზაცია არ მოხდინოს რიგით პირველმა მოგირავნემ. გირავნობის საგანი რჩება წინა მოგირავნის უფლების ფარგლებში გირავნობით დატვირთული.
282 მ. 2 კვირით ადრე დამგირავებლისა და სხვა მოგირავნის გაფრთხილება _ ფორმა სავალდებულოა. თუკი შეტყობინება არ მოხდება ბათილი იქნება გირავნობის საგნის რეალიზაცია. შესაძლოა რეალიზაციის წარმოება წინასწარი შეტყობინების გარეშეც, როცა ნივთი მალფუჭებადია ან მისი ფასი აუცილებლად დაეცემა.
გირავნობის საგნის რეალიზაცია შეიძლება მოხდინოს თვით მოგირავნემ. მან ნივთი უნდა გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში.
285 მ _ არასწორი რეალიზაციისას კეთილსინდისიერების საკითხი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.
ანგარიში გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ უნდა განმხორციელოს მისმა რეალურად გამსხვისებელმა.
260 დამატებითი მუხლი ითვალისწინებს საკუთრებაში პირდაპირ გადასვლას, ანუ ეს არის მოგირავნის დაკმაყოფილების წესი.


იპოთეკა. იგი მსგავსია გირავნობისა, თუმცა განსხვავებაა ობიექტში. მისი ობიექტია უძრავი ქონება. ერთ-ერთი მხარეა იპოთეკარი , ასევე მოვალე, იპოთეკის საგნის მესაკუთრე, მესამე პირები რომელთა ინტერესებსაც შეიძლება ითვალისწინებდეს შეიძლება შეეხოს იპოთეკის გარიგება.
იპოთეკის გარიგების დასადებად აუცილებლია მხარეთა თავისუფალი ნება და მისი გამოხატვა იმ ფარგლებში, რასაც კანონმდებელი გვაძლევს.
იპოთეკა აქცესორული ხასიათისაა, იგი არსებობს მოთხოვნასთან ერთად. გამონაკლისია 286 II მუხლი სამომავლო ან პირობით მოთხოვნასთან დაკავშირებული იპოთეკა.
295 მ. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ჩანს იპოთეკის აქცესორული ხასიათი – იგი თანმდევია, არ არსებობს მოთხოვნა, არ არსებობს იპოთეკა. სამომავლო და პირობითი გარიგების დროს იპოთეკა არსებობს შეთანხმების მომენტიდან, თუმცა იგი ინარჩუნებს აქცესორულ ხასითს.
286 III მუხლი იპოთეკის საგნის შეცვლისას, არ არის აუცილებლი პირადი მოვალის საქმის კურსში ჩაყენება, თუმცა უნდა იცოდეს მესაკუთრემ. იპოთეკის წარმოშობის საკითხი _ საჯარო რეესტრში რეგისტრაციით, ესაა რეგისტრაციის კონსტიტუციური მნიშვნელობა. რეგისტრაციისათვის აუცილებლია მხარეთა შეათანხმება 288-289 მუხლების
კიდევ ერთხელ, იპოთეკის წარმოშობის საფუძველია საჯარო რეესტრში რეგისტრაცია 289 მ, ამჟამად 311 დამატებითი მუხლიდან გამომდინარეობს, რომ აღარაა საჭირო სანოტარო ფორმა.
სიახლეა იპოთეკის მოწმობა _ მოქმედებს მხარეების შეთანხმებით, თუკი იქნება, საჭიროა მისი სანოტარო წესით დამოწმება. დღევანდელი დატვირთვით იპოთეკის მოწმობა ფასიანი ქაღალდის როლს ასრულებს. იპოთეკის მოწმობის რეკვიზიტებია: მხარეების დასახელება, მისამართი, იპოთეკის საგანი, იპოთეკის მოწმობის სარეგისტრაციო კოდი, აგრეთვე ვადა.
იპოთეკის მოწმობის ნამდვილობა მოწმდება საჯარო რეესტრის ბეჭდით. პრეზუმფცია _ ვიდრე არ დადასტურდება საწინააღმდეგო, იპ. მოწმობის ფაქტობრივი მფლობელი ითვლება იპოთეკარად _ 289 მესამე დამატებითი მუხლი.
უზრუნველყოფის მოთხოვნის შესრულება დაიშვება იპ. მოწმობის წარმოდგენისას, როგორც კი ვალდებულება შესრულდება მოწმობა უკან უნდა იქნეს დაბრუნებული.
თუ მოხდა იპოთეკის უზრუნველყოფა მოთხოვნის დათმობა, გადამცემის ხელმოწერა გადაცემაზე _ უნდა დამოწმდეს ნოტარიულად. შესაძლებლია აუქციონზე გასხვისებაც, თუმცა ვინც გაასხვისა მისი ხელმოწერა ნოტარიულად უნდა დამოწმდეს. იპ. მოწმობის გასხვისების აკრძალვა ბათილია. გადაცემის შესახებ გამსხვისებელმა უნდა აცნობოს მოვალეს. შესაძლებლია იპოთეკის მოწმობის ძალადაკარგულად გამოცხადებაც და შესაძლებელია მისი აღდგენა გამოწვევითი წარმოების დროს.
იპოთეკის მოწმობის გაუქმების ორი გზა: როცა ვალდებულება სრულდება და როცა პირი უძრავი ქონების მესაკუთრეს დაუბრუნებს მოწმობას. იპოთეკის მოწმობის გაუქმება უნდა აღირიცხოს საჯარო რეესტრში.
იპოთეკის ფარგლები: საიპოთეკო ურთიერთობა უფლებებს წარმოშობს იმ მოთხოვნაზე, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით. იგი არ ვრცელდება უძრავი ნივთების ნაყოფზე. უძრავი ნივთიდან შესაძლოდ მომდინარე სარგებელზე არ ვრცელდება იპოთეკა, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ იპოთეკა ვრცელდება სარგებელზეც, ჩაითვლება იგი ვალის მოთხოვნის ანგარიშში.
იპოთეკით დატვირთული ნივთის მოვლის მოვალეობა. მესაკუთრე ვალდებულია მოუაროს იპ. დატვირთულ ნივთს. ნივთი რჩება რა მესაკუთრესთან, მან მას ისე უნდა მოუაროს, როგორც აქამდე უვლიდა _ რათა საფრთხე არ შუქმნას იპოთეკის მიზნებს. მისი ღირებულება იმდენივე უნდა იყოს რამდენიც იპოთეკის დასაწყისში. ამ ვალდებულების შეუსრულებლობისას კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვის საფრთხის აღკვეთა.
თუ ნივთი დაზღვეულია _ 294 II მუხლი – შესაძლოა არ მოხდეს მესაკუთრისათვის თანხის გადახდა, თუ არსებობს ეჭვი, რომ ეს თანხა შეიძლება არ იყოს გამოყენებული იპოთეკით დატვირთული ნივთის აღსადგენად. შეიძლება ნივთი სასამართლოს ძალით ჩამოერთვას მესაკუთრეს და სამართავად გადაეცეს კრედიტორს (მტკიცების ტვირთი კრედიტორზეა). დათქმა, არ გამოყენების შესახებ იპოთეკის ობიექტის მიმართ არის ბათილი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული_ მხარეები ვერაფერზე ვერ შეთანხმდებიან ამ კონკრეტულ მომენტში.
რეალიზაციისას მოვალის თანხმობა საჭირო არ არის. იპოთეკის ფარგლები უძრავი ნივთის ნაყოფზე ვრცელდება იპოთეკის რეალიზაციის ან აუქციონის დროს.
300 III მუხლი _ თუნდაც მთლიანდ არ ფარავდეს ნივთის ღირებულება მოთხოვნას, იგი მაინც დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
295 მ. უფლების გადაცემა იმ მოთხოვნაზე, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით _ აქცესორულობა _ მოთხოვნისა და იპოთეკის გადაცემა მხოლოდ ერთდროულადა და ერთადაა შესაძლებელი. როცა ხდება იპოთეკის მოწმობის გადაცემა, ეს ნიშნავს მოთხოვნის გადაცემას. იგი ერთ ეგზემპლარად არსებობს და ინახება იპოთეკართან, რასაც ნოტარიულად დამოწმება სჭირდება. მოთხოვნის დათმობის დროს, თუ მოვალემ არაფერი იცოდა, მაშინ შესრულება მას უნდა ათავისუფლებდეს ახალი კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგნ.
საიპოთეკო ურთიერთობებში სუბიექტთა მოვალეობანი და უფლებები. კლასიკურად ხდება საიპოთეკო ურთიერთობა როცა სახეზეა იპოთეკარი და მოვალე, თუმცა შეიძლება სხვა პირის ქონებაც დაიტვირთოს და იქნებიან სახეზე იპოთეკარი, მოვალე, მესაკუთრე უძრავი ნივთისა და იშვიათად მესამე პირი, რომლის ინტერსებიც ეხება საიპოთეკო ურთიერთობას.
იპოთეკის გაქარწყლება. როცა იპოთეკარი და მესაკუთრე ერთიდაიგივე პირია.
იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების სახეები: პირის საკუთრებაში გადასვლა ან რეალიზაცია 300 მ. საკუთრებაში მხოლოდ მაშინ გადავა, როცა ეს პირდაპირ ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, თუნდაც იპოთეკის საგნის ღირებულება არ ფარავდეს მოთხოვნის ღირებულებას თუ მხარეების სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვალდებულებით სამართალში, როცა იპოთეკის საგანს ემუქრება რაიმე საფრთხე, კრედიტორს შეუძლია ვადამოუსვლელი მოთხოვნის შესრულების მოთხოვნის წამოყენება, ან რეალიზაცია ან საკუთრებაში გადაცემა.
აუქციონზე იპოთეკის საგანი განიხილება როგორც საწესდებო კაპიტალი აუქციონისათვის. აუცილებლია შეტყობინება აუქციონის შესახებ რეესტრში შეყვანილი პირებისათვის. აუქციონი არ შედგება მანამ, სანამ სახეზეა მის წინააღმდეგ შესაგებელი სასამართლოში. იძულებითი აუქციონის გამართვისას ნაყოფი რჩება მის მესაკუთრეს. აუქციონი უქმდება განცხადების უკან გამოტანისას და წყდება თუ აუქციონის გამართვამდე ვალდებულება შესრულდება.
ფასის განსაზღვრა. ძირითადად ფასს როცა ვთავაზობთ, ვითხოვთ გარკვეულ საბანკო გარანტიას.
თუკი მეორე აუქციონზეც არ მოხდება რეალიზაცია, ან საკუთრებაში გადავა, ან გაიმართება მესამე აუქციონი, რომელიც ისე უნდა ჩატარდეს, რომ ნივთი აუცილებლად გაიყიდოს.

Friday, December 11, 2009

სამართალი და სამართლიანობა

ივანე აბაშიძე


სამართალი და სამართლიანობა:
საზოგადოების აზრი თუ კანონმდებლის ნება?!


შესავალი

„საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა დაამკვიდრონ
დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ეყრდნობიან რა ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს,
საქვეყნოდ აცხადებენ ამ კონსტიტუციას.“
საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში განმტკიცებული სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, ის უმნიშვნელოვანესი განაცხადია, რომელსაც ქვეყანა და მის სათავეში მყოფი ნებისმიერი ხელისუფალი უპირველეს და უმთავრეს ამოცანად უნდა ისახავდეს. ამ სტატიაში მიმოხილულია სამართლისა და სამართლიანობის ურთიერთმიმართების პრობლემა და სოციალური თეორიების გავლენა ლეგალური დეფინიციის მისაღწევად. სწორედ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოა ის ამოსავალი წერტილი, რომლიდანაც უნდა იწყებოდეს ნებისმიერი სამართლებრივი, ეკონომიკური თუ პოლიტიკური განაცხადი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან და მის ეგზისტენციალურ საჭირობებთან. სტატიაში აგრეთვე განვიხილავთ საზოგადოების როლს პოზიტიური სამართლის ფორმირების პროცესში.

I. განსაზღვრების პრობლემა
სამართლის თეორიაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ სამართალი ზნეობის ინსტრუმენტია. სამართლის დეფინიციის ელემენტია სამართლიანობა. სამართალი, როგორც ობიექტურად არსებული რეალობა წარმოადგენს პოზიტიური გაგებით არსებულ ფენომენს. კანონი არსებობს, შესაბამისად, მასზე მაღლა მოქალაქე ვერ დადგება. ობიექტური რეალობის საკითხი სამართალთან მიმართებაში, განხილულ უნდა იქნეს ადამიანის უფლებებთან მჭიდრო კავშირში (რაც არ გამორიცხვას მოვალეობის არსებობას). პოზიტიური სამართლის ჭრილში, საკმაოდ ხშირად, ადამიანთა მხრიდან სახეზეა უფლებათა და მოვალეობათა აღრევა. მაშინ როცა, ადამიანს არ ეძლევა საკუთარი უფლების განხორციელების საშუალება, მას ბუნებრივია სჭირდება რაღაც, რაც მის სანაცვლოდ ობიექტურად არსებულს გულისხმობს, ხშირად კი ასეთი რამ, მოვალეობათა უფლებად აღქმის ხარჯზე ხდება. სწორედ ამის გამო მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს უფლება და მოვალეობა.
უფლება ესაა ადამიანის შესაძლებლობა განახორციელოს მოქმედება ან თავი შეიკავოს მისი განხორციელებისაგან. მოვალეობას კი აღნიშნული დისპოზიცია არ ახასიათებს, იგი ცალმხრივადაა დადგენილი და მისი შესრულებისგან თავის შეკავება არ ხდება. აქვე აუცილებელია განისაზღვროს სამართლისა და სამართლიანობის ურთიერთმიმართება.


1.სამართლისა და სამართლიანობის გამიჯვნა

სამართალი ესაა ობიექტური რეალობა ანუ უფლება განახორციელო რაიმე ქმედება გარემომცველ სამყაროში. მოვალეობა ესაა, როგორც, უშუალოდ პირებს შორის არსებული ვალდებულებების შესრულება, ასევე ცალმხრივად სახელმწიფოს მხრიდან დადგენილი მოთხოვნა.
სამართლიანობის შეგნება დამოკიდებულია, კონკრეტულ სიტუაციაში ჩვენს მიერ მდგომარეობის ჩვენს სასარგებლოდ ან ჩვენს საწინააღმდეგოდ აღქმაში. თუმცა ლოგიკურად აქვე ჩნდება ერთი კითხვა: ნუთუ, ბუნებაში არ არსებობს სამართლიანობა, რომელიც თავისთავად მისაგნებია თითოეული ადამიანის მიერ? რა თქმა უნდა ამ მოსაზრების არგუმენტირება სხვადასხვა გზით შეიძლება, მაგრამ ასეთივე წარმატებით აბსოლუტურად უპრობლემოდ შეგვიძლია ამ არგუმენტის უგულებელყოფა. შესაბამისად შევეცადოთ მოვახდინოთ კითხვის ფორმულირება შემდეგნაირად: არსებობს თუ არა ბუნებაში თავისთავად არსებული სამართლიანობა? თუკი გამოჩენილი მეცნიერის ჯონ როულზის აზრს გავითვალისწინებთ სამართლიანობა უნდა მდგომარეობდეს თითოეულისათვის თანაბარი სასტარტო პირობების შექმნაში, ხოლო შემდეგ პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული წარმატების მიღწევა. თუმცა აქვე თუ გავითვალისწინებთ საზოგადოების ფენებს შორის არსებულ სოციალურ განსხვავებას ავტომატურად თავს იჩენს შემდეგი საკითხი: რატომ დასაჯა ბუნებამ ისინი ნაკლები შესაძლებლობების მინიჭებით? თუკი ამ აზრს განვავითარებთ აქვე არ უნდა დავივიწყოთ ის მომენტიც, რომ ზემო აღნიშნული თანაბარი “სასტარტო პირობები” გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებისათვის თანაბარი პირობების შექმნას, რაც უნდა გამოიხატებოდეს მოქალაქეობის მინიჭებაში და სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი სხვა ბიუროკრატიული მიდგომების რეალიზებაში. თუ განვიხილავთ ჰიპოთეტურ საზოგადოებას სადაც ყველა დაკმაყოფილებულია ისე, რომ მათ საერთოდ აღარ უჩნდებათ არანაირი მოთხოვნა, მაშინ ისმის შეკითხვა სად მიდის სამართლიანობის შეგრძნება? რატომ აღარ იბრძვის ადამიანი უკეთესი მომავლის მისაღწევად, რაც მისი აზრით სამართლიანი უნდა იყოს? აღნიშნული იდეა სრულად აისახა ბენტამისა და მილის მიერ დამუშავებულ ”უტილიტარიზმის” თეორიაში. ბენტამიც და მილიც ამბობდნენ, რომ სახელმწიფომ ყველა თავის მოქალაქეს თანაბრად უნდა გაუნაწილოს მატერიალური სიკეთე, მთავარია ყველა ადამიანის თანაბარ პირობებში ჩაყენება. აღნიშნულ იდეას თავიდანვე გამოუჩნდნენ ოპონენტები და კრიტიკოსები, რომლებიც არც თუ ისე უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ მას და ამართლებდნენ საზოგადოების ფენებს შორის არსებულ სოციალურ განსხვავებას. ზემოაღნიშნულ ორივე თეორიაში ღიად რჩება რამდენიმე საკითხი, როულზის შემთხვევაში ესაა ის, თუ რა კრიტერიუმებით და ვინ უნდა განსაზღვროს სასტარტო პირობები ადამიანთათვის, ხოლო ბენტამის და მილის შემთხვევაში ღიად რჩება საკითხი, რომელიც ეხება იმას თუ, რას უწოდებენ ისინი თანაბარ განაწილებას და სად იკარგება უმთავრესი სამართლიანობის საკითხი, ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ სამართლიანობის ნიჰილიზმი შეიპყრობს ადამიანს იმ შემთხვევაში თუკი დაინახავს, რომ ყველას თანაბრად მიეზღვება სახელმწიფოს მხრიდან. ერთი შეხედვით საკმაოდ ჰუმანური იდეა თავისთავად წარმოშობს ძალზედ ბოროტ შედეგებს, რისი მაგალითიც საბჭოთა კავშირია. თავისთავად კეთილშობილი იდეა გადაიზარდა შეჯიბრებაში თუ ვინ უფრო მეტს მოიპარავდა და ვინ უფრო მეტს წაგლეჯდა სახელმწიფოს არაკანონიერი გზებით. სამართლებრივი ნიჰილიზმის ნაცვლად უტილიტარიზმმა წარმოშვა საყოველთაო დანაშაულის სინდრომი საზოგადოებაში, სადაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცა კორუფცია, ქურდობა და კანონის უხეში დარღვევები თვით სახელმწიფოს მესვეურების მხრიდანაც.
ჯონ როულზის მიერ განვითარებული თეორია სრულად ასახავს იმ საკითხს, არსებობს თუ არა ბუნებაში მოპოვებითი სამართლიანობა. “მოპოვებით სამართლიანობას ვუწოდებ ადამიანის ცხოვრების იმ ეტაპს როცა ის ჩათვლის, რომ რაღაც სამართლიანად მიიღო ან მიეზღო.” ლოგიკურად ჩნდება კითხვა: ხომ არ არსებობს მრავალჯერადი სამართლიანობა, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე იჩენს თავს. ანუ გამოდის, რომ სამართლიანობის ცნება არის კონკრეტულ სიტუაციებზე დამოკიდებული და აბსოლუტურად პირობითია. განვიხილოთ ასეთი ცხოვრებისეული სიტუაცია: პოლიციელი საგზაო წესების დარღვევისათვის აჯარიმებს პიროვნებას, რომელიც თვლის, რომ მას წესები არ დაურღვევია და შესაბამისად უჩნდება უკმაყოფილების განცდა თუმცა იმ მოტივით, რომ დამჯარიმებელი სახელმწიფოა იგი დუმილით იტანს აღნიშნულ ჯარიმას. ამ დროს პიროვნება გამოდის წინა პლანზე, რომელიც სახელმწიფომ რეპრესიული მეთოდით დააჯარიმა, პიროვნებამ კი ჩათვალა, რომ უსამართლოდ.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან ვასკვნით, რომ სამართლიანობის განცდა მეტად სუბიექტური მომენტია, და მას ადამიანი ყოველ ახალ შემთხვევაში ახლებურად და სუბიექტურად განსაზღვრავს.

2.მოპოვებითი სამართლიანობა: მითი თუ რეალობა?!…

თავისთავად ლოგიკურად ისმის შეკითხვა: არსებობს თუ არა უფლების მიმნიჭებელი ისეთი სამართალი, რომელიც არაა რეგლამენტირებული კანონით და არსებობს დამოუკიდებლად, ანუ თავისთავადია. ლოგიკურად ასეთად უნდა მივიჩნიოთ ჩვეულება, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვიმოქმედოთ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიცაა განვითარებული საზოგადოებრივი აზრი.
თუკი კვლავ მივუბრუნდებით, როულზის თეორიაში გამოთქმულ მოსაზრებას თანაბარი სასტარტო პირობების შესახებ და ზემოთხსენებულ საზოგადოებას მივანიჭებთ არჩევანის უფლებას, რეალურად მივიღებთ მდგომარეობას, სადაც ადამიანები საზოგადოებაში ადგილს თავად ირჩევენ. თუმცა, ამას აღწევენ საკუთარი პიროვნების რეალიზების გზით, უნდა ჩავთვალოთ, რომ სამართლიანობა მიღწეულია, ვინაიდან იგი წარმოდგენს არა პირთა გათანაბრების, არამედ თანაბარი შესაძლებლობების პირობებში პიროვნული თვისებების მაქსიმალური რეალიზაციის შესაძლებლობას.
სამართლიანობა შეფასებითია, ცვალებადია, განვითარებადია, რადგან იგი საზოგადოებრივი აზროვნების კატეგორიაა. სამართალზე მსჯელობისას, უნდა გამოვიყენოთ მისი განმარტების მეთოდები და მათ შორის უმთავრესი: არსისა და მიზნის კომბინაცია, რაც თავისთავად მიგვიყვანს სამართლიანი სამართლის გაგებამდე. თუკი სამართლიანობაზე მსჯელობისას ვთქვით, რომ იგი ხანგრძლივ დეფინიციას არ ექვემდებარება, სამართალზე საუბრისას უნდა გამოვიდეთ არა საზოგადოებრივი წარმოდგენებიდან, არა მათი Dშეცვლის საშუალებიდან, არამედ აღნიშნული აზრის ფორმირების მიზნიდან.
იმ მოსაზრებას, რომ სამართალშემოქმედებისას მთავარია არსის, მიზნის დადგენა და მისკენ სწრაფვა ამყარებს საზოგადოების მოთხოვნილებაც მართალ სამართალზე. ადამიანი, წმინდა სუბიექტური გაგებით, აღარ საჭიროებს სამართალს, თუკი მას მივუდგებით, როგორც დამოუკიდებლად მოაზროვნე ჰუმანოიდს, რომელსაც ღირსება და თავისუფლება გააჩნია. სამართალი უნდა იყოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დადგენის საშუალება, და არა მათი შეზღუდვის მიზანი. სამართალი უნდა ემსახურებოდეს პირთა მშვიდობიან თანაცხოვრებას.
არსზე და მიზანზე საუბრისას, აგრეთვე, მნიშვნელოვანია დადგინდეს თუ რა საშუალებებითაა შესაძლებელი პირთა ჩართულობის გაზრდა სამართლის ფორმირების პროცესში, რაც თავისთავად გახდება წინაპირობა მათი აზროვნების და შეხედულებების ფორმირებისათვის. კანონი იქმნება განსაკუთრებული საჭიროებისათვის, სახელმწიფოს მხრიდან პრიორიტეტულად მიჩნეულ სფეროში. თუკი სახელმწიფო ადგენს სფეროებს, სადაც უნდა თავად იმოქმედოს, როგორც აუცილებლად არსებულმა ფენომენმა, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ კანონი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესია და არა მისი ლოგიკური დაბოლოება.



****
წყაროები:

1.“საქართველოს კონსტიტუცია" პრეამბულა.
2.Rowlse, Jhon, Justice as Fairness, Philosophical review, Volume 67, November 2, 1958
3.Bentham, Jeremy, Introduction to the Principles of Morals and Legislation, Dover Philosophical Classics, 1789. gv.256.
4.Utilitarism ; On Liberty ; Essay on Bentham By John Stuart Mill, Mary Warnock, Jeremy Bentham, John Austin, Fontana Press, 1985.
5.Adam Smith: "the theory in The Wealth of Nations" (1776)
6.“John Rawls 'theory Of Justice' And Its Critics”, by Chandran Kukathas (Author), Philip Pettit (Author)

ინტერნეტ–რესურსები:
4.http://www.iep.utm.edu/m/milljs.htm
8.http://www.laits.utexas.edu/poltheory/jsmill/diss-disc/bentham/bentham.s04.html

მოგესალმებით ჩემს ბლოგზე.

გადავწყვიტე გამეკეთებინა ბლოგი, სადაც რეგულრულად განვათავსებდი ჩემს ნაშრომებსა თუ ნათარგმნებს. პროფილურად ალბათ ბლოგის სათაურიდანაც მიხვდით, რომ საუბარი მხოლოდ იურიდიულ თემატიკას შეეხება. სამართლის თეორიის პრობლემატური საკითხები და ლეგალური დეფინიციის მცდელობანი, საკანონმდებლო ხარვეზები და წინადადებები იქნება ის საკითხები, რომლებზეც გთავაზობთ დისკუსიას და დიალოგს. შესაძლებელი იქნება თქვენი ნაშრომების გამოქვეყნებაც.

იმედი მაქვს ჩემი ბლოგი გახდება "ჩვენი" და შევძლებთ ნაყოფიერი დიალოგის დაწყებას.

ივანე აბაშიძე

11.12.2009