Friday, December 11, 2009

სამართალი და სამართლიანობა

ივანე აბაშიძე


სამართალი და სამართლიანობა:
საზოგადოების აზრი თუ კანონმდებლის ნება?!


შესავალი

„საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა დაამკვიდრონ
დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ეყრდნობიან რა ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს,
საქვეყნოდ აცხადებენ ამ კონსტიტუციას.“
საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში განმტკიცებული სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, ის უმნიშვნელოვანესი განაცხადია, რომელსაც ქვეყანა და მის სათავეში მყოფი ნებისმიერი ხელისუფალი უპირველეს და უმთავრეს ამოცანად უნდა ისახავდეს. ამ სტატიაში მიმოხილულია სამართლისა და სამართლიანობის ურთიერთმიმართების პრობლემა და სოციალური თეორიების გავლენა ლეგალური დეფინიციის მისაღწევად. სწორედ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოა ის ამოსავალი წერტილი, რომლიდანაც უნდა იწყებოდეს ნებისმიერი სამართლებრივი, ეკონომიკური თუ პოლიტიკური განაცხადი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან და მის ეგზისტენციალურ საჭირობებთან. სტატიაში აგრეთვე განვიხილავთ საზოგადოების როლს პოზიტიური სამართლის ფორმირების პროცესში.

I. განსაზღვრების პრობლემა
სამართლის თეორიაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ სამართალი ზნეობის ინსტრუმენტია. სამართლის დეფინიციის ელემენტია სამართლიანობა. სამართალი, როგორც ობიექტურად არსებული რეალობა წარმოადგენს პოზიტიური გაგებით არსებულ ფენომენს. კანონი არსებობს, შესაბამისად, მასზე მაღლა მოქალაქე ვერ დადგება. ობიექტური რეალობის საკითხი სამართალთან მიმართებაში, განხილულ უნდა იქნეს ადამიანის უფლებებთან მჭიდრო კავშირში (რაც არ გამორიცხვას მოვალეობის არსებობას). პოზიტიური სამართლის ჭრილში, საკმაოდ ხშირად, ადამიანთა მხრიდან სახეზეა უფლებათა და მოვალეობათა აღრევა. მაშინ როცა, ადამიანს არ ეძლევა საკუთარი უფლების განხორციელების საშუალება, მას ბუნებრივია სჭირდება რაღაც, რაც მის სანაცვლოდ ობიექტურად არსებულს გულისხმობს, ხშირად კი ასეთი რამ, მოვალეობათა უფლებად აღქმის ხარჯზე ხდება. სწორედ ამის გამო მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს უფლება და მოვალეობა.
უფლება ესაა ადამიანის შესაძლებლობა განახორციელოს მოქმედება ან თავი შეიკავოს მისი განხორციელებისაგან. მოვალეობას კი აღნიშნული დისპოზიცია არ ახასიათებს, იგი ცალმხრივადაა დადგენილი და მისი შესრულებისგან თავის შეკავება არ ხდება. აქვე აუცილებელია განისაზღვროს სამართლისა და სამართლიანობის ურთიერთმიმართება.


1.სამართლისა და სამართლიანობის გამიჯვნა

სამართალი ესაა ობიექტური რეალობა ანუ უფლება განახორციელო რაიმე ქმედება გარემომცველ სამყაროში. მოვალეობა ესაა, როგორც, უშუალოდ პირებს შორის არსებული ვალდებულებების შესრულება, ასევე ცალმხრივად სახელმწიფოს მხრიდან დადგენილი მოთხოვნა.
სამართლიანობის შეგნება დამოკიდებულია, კონკრეტულ სიტუაციაში ჩვენს მიერ მდგომარეობის ჩვენს სასარგებლოდ ან ჩვენს საწინააღმდეგოდ აღქმაში. თუმცა ლოგიკურად აქვე ჩნდება ერთი კითხვა: ნუთუ, ბუნებაში არ არსებობს სამართლიანობა, რომელიც თავისთავად მისაგნებია თითოეული ადამიანის მიერ? რა თქმა უნდა ამ მოსაზრების არგუმენტირება სხვადასხვა გზით შეიძლება, მაგრამ ასეთივე წარმატებით აბსოლუტურად უპრობლემოდ შეგვიძლია ამ არგუმენტის უგულებელყოფა. შესაბამისად შევეცადოთ მოვახდინოთ კითხვის ფორმულირება შემდეგნაირად: არსებობს თუ არა ბუნებაში თავისთავად არსებული სამართლიანობა? თუკი გამოჩენილი მეცნიერის ჯონ როულზის აზრს გავითვალისწინებთ სამართლიანობა უნდა მდგომარეობდეს თითოეულისათვის თანაბარი სასტარტო პირობების შექმნაში, ხოლო შემდეგ პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული წარმატების მიღწევა. თუმცა აქვე თუ გავითვალისწინებთ საზოგადოების ფენებს შორის არსებულ სოციალურ განსხვავებას ავტომატურად თავს იჩენს შემდეგი საკითხი: რატომ დასაჯა ბუნებამ ისინი ნაკლები შესაძლებლობების მინიჭებით? თუკი ამ აზრს განვავითარებთ აქვე არ უნდა დავივიწყოთ ის მომენტიც, რომ ზემო აღნიშნული თანაბარი “სასტარტო პირობები” გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებისათვის თანაბარი პირობების შექმნას, რაც უნდა გამოიხატებოდეს მოქალაქეობის მინიჭებაში და სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი სხვა ბიუროკრატიული მიდგომების რეალიზებაში. თუ განვიხილავთ ჰიპოთეტურ საზოგადოებას სადაც ყველა დაკმაყოფილებულია ისე, რომ მათ საერთოდ აღარ უჩნდებათ არანაირი მოთხოვნა, მაშინ ისმის შეკითხვა სად მიდის სამართლიანობის შეგრძნება? რატომ აღარ იბრძვის ადამიანი უკეთესი მომავლის მისაღწევად, რაც მისი აზრით სამართლიანი უნდა იყოს? აღნიშნული იდეა სრულად აისახა ბენტამისა და მილის მიერ დამუშავებულ ”უტილიტარიზმის” თეორიაში. ბენტამიც და მილიც ამბობდნენ, რომ სახელმწიფომ ყველა თავის მოქალაქეს თანაბრად უნდა გაუნაწილოს მატერიალური სიკეთე, მთავარია ყველა ადამიანის თანაბარ პირობებში ჩაყენება. აღნიშნულ იდეას თავიდანვე გამოუჩნდნენ ოპონენტები და კრიტიკოსები, რომლებიც არც თუ ისე უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ მას და ამართლებდნენ საზოგადოების ფენებს შორის არსებულ სოციალურ განსხვავებას. ზემოაღნიშნულ ორივე თეორიაში ღიად რჩება რამდენიმე საკითხი, როულზის შემთხვევაში ესაა ის, თუ რა კრიტერიუმებით და ვინ უნდა განსაზღვროს სასტარტო პირობები ადამიანთათვის, ხოლო ბენტამის და მილის შემთხვევაში ღიად რჩება საკითხი, რომელიც ეხება იმას თუ, რას უწოდებენ ისინი თანაბარ განაწილებას და სად იკარგება უმთავრესი სამართლიანობის საკითხი, ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ სამართლიანობის ნიჰილიზმი შეიპყრობს ადამიანს იმ შემთხვევაში თუკი დაინახავს, რომ ყველას თანაბრად მიეზღვება სახელმწიფოს მხრიდან. ერთი შეხედვით საკმაოდ ჰუმანური იდეა თავისთავად წარმოშობს ძალზედ ბოროტ შედეგებს, რისი მაგალითიც საბჭოთა კავშირია. თავისთავად კეთილშობილი იდეა გადაიზარდა შეჯიბრებაში თუ ვინ უფრო მეტს მოიპარავდა და ვინ უფრო მეტს წაგლეჯდა სახელმწიფოს არაკანონიერი გზებით. სამართლებრივი ნიჰილიზმის ნაცვლად უტილიტარიზმმა წარმოშვა საყოველთაო დანაშაულის სინდრომი საზოგადოებაში, სადაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცა კორუფცია, ქურდობა და კანონის უხეში დარღვევები თვით სახელმწიფოს მესვეურების მხრიდანაც.
ჯონ როულზის მიერ განვითარებული თეორია სრულად ასახავს იმ საკითხს, არსებობს თუ არა ბუნებაში მოპოვებითი სამართლიანობა. “მოპოვებით სამართლიანობას ვუწოდებ ადამიანის ცხოვრების იმ ეტაპს როცა ის ჩათვლის, რომ რაღაც სამართლიანად მიიღო ან მიეზღო.” ლოგიკურად ჩნდება კითხვა: ხომ არ არსებობს მრავალჯერადი სამართლიანობა, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე იჩენს თავს. ანუ გამოდის, რომ სამართლიანობის ცნება არის კონკრეტულ სიტუაციებზე დამოკიდებული და აბსოლუტურად პირობითია. განვიხილოთ ასეთი ცხოვრებისეული სიტუაცია: პოლიციელი საგზაო წესების დარღვევისათვის აჯარიმებს პიროვნებას, რომელიც თვლის, რომ მას წესები არ დაურღვევია და შესაბამისად უჩნდება უკმაყოფილების განცდა თუმცა იმ მოტივით, რომ დამჯარიმებელი სახელმწიფოა იგი დუმილით იტანს აღნიშნულ ჯარიმას. ამ დროს პიროვნება გამოდის წინა პლანზე, რომელიც სახელმწიფომ რეპრესიული მეთოდით დააჯარიმა, პიროვნებამ კი ჩათვალა, რომ უსამართლოდ.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან ვასკვნით, რომ სამართლიანობის განცდა მეტად სუბიექტური მომენტია, და მას ადამიანი ყოველ ახალ შემთხვევაში ახლებურად და სუბიექტურად განსაზღვრავს.

2.მოპოვებითი სამართლიანობა: მითი თუ რეალობა?!…

თავისთავად ლოგიკურად ისმის შეკითხვა: არსებობს თუ არა უფლების მიმნიჭებელი ისეთი სამართალი, რომელიც არაა რეგლამენტირებული კანონით და არსებობს დამოუკიდებლად, ანუ თავისთავადია. ლოგიკურად ასეთად უნდა მივიჩნიოთ ჩვეულება, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვიმოქმედოთ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიცაა განვითარებული საზოგადოებრივი აზრი.
თუკი კვლავ მივუბრუნდებით, როულზის თეორიაში გამოთქმულ მოსაზრებას თანაბარი სასტარტო პირობების შესახებ და ზემოთხსენებულ საზოგადოებას მივანიჭებთ არჩევანის უფლებას, რეალურად მივიღებთ მდგომარეობას, სადაც ადამიანები საზოგადოებაში ადგილს თავად ირჩევენ. თუმცა, ამას აღწევენ საკუთარი პიროვნების რეალიზების გზით, უნდა ჩავთვალოთ, რომ სამართლიანობა მიღწეულია, ვინაიდან იგი წარმოდგენს არა პირთა გათანაბრების, არამედ თანაბარი შესაძლებლობების პირობებში პიროვნული თვისებების მაქსიმალური რეალიზაციის შესაძლებლობას.
სამართლიანობა შეფასებითია, ცვალებადია, განვითარებადია, რადგან იგი საზოგადოებრივი აზროვნების კატეგორიაა. სამართალზე მსჯელობისას, უნდა გამოვიყენოთ მისი განმარტების მეთოდები და მათ შორის უმთავრესი: არსისა და მიზნის კომბინაცია, რაც თავისთავად მიგვიყვანს სამართლიანი სამართლის გაგებამდე. თუკი სამართლიანობაზე მსჯელობისას ვთქვით, რომ იგი ხანგრძლივ დეფინიციას არ ექვემდებარება, სამართალზე საუბრისას უნდა გამოვიდეთ არა საზოგადოებრივი წარმოდგენებიდან, არა მათი Dშეცვლის საშუალებიდან, არამედ აღნიშნული აზრის ფორმირების მიზნიდან.
იმ მოსაზრებას, რომ სამართალშემოქმედებისას მთავარია არსის, მიზნის დადგენა და მისკენ სწრაფვა ამყარებს საზოგადოების მოთხოვნილებაც მართალ სამართალზე. ადამიანი, წმინდა სუბიექტური გაგებით, აღარ საჭიროებს სამართალს, თუკი მას მივუდგებით, როგორც დამოუკიდებლად მოაზროვნე ჰუმანოიდს, რომელსაც ღირსება და თავისუფლება გააჩნია. სამართალი უნდა იყოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დადგენის საშუალება, და არა მათი შეზღუდვის მიზანი. სამართალი უნდა ემსახურებოდეს პირთა მშვიდობიან თანაცხოვრებას.
არსზე და მიზანზე საუბრისას, აგრეთვე, მნიშვნელოვანია დადგინდეს თუ რა საშუალებებითაა შესაძლებელი პირთა ჩართულობის გაზრდა სამართლის ფორმირების პროცესში, რაც თავისთავად გახდება წინაპირობა მათი აზროვნების და შეხედულებების ფორმირებისათვის. კანონი იქმნება განსაკუთრებული საჭიროებისათვის, სახელმწიფოს მხრიდან პრიორიტეტულად მიჩნეულ სფეროში. თუკი სახელმწიფო ადგენს სფეროებს, სადაც უნდა თავად იმოქმედოს, როგორც აუცილებლად არსებულმა ფენომენმა, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ კანონი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესია და არა მისი ლოგიკური დაბოლოება.



****
წყაროები:

1.“საქართველოს კონსტიტუცია" პრეამბულა.
2.Rowlse, Jhon, Justice as Fairness, Philosophical review, Volume 67, November 2, 1958
3.Bentham, Jeremy, Introduction to the Principles of Morals and Legislation, Dover Philosophical Classics, 1789. gv.256.
4.Utilitarism ; On Liberty ; Essay on Bentham By John Stuart Mill, Mary Warnock, Jeremy Bentham, John Austin, Fontana Press, 1985.
5.Adam Smith: "the theory in The Wealth of Nations" (1776)
6.“John Rawls 'theory Of Justice' And Its Critics”, by Chandran Kukathas (Author), Philip Pettit (Author)

ინტერნეტ–რესურსები:
4.http://www.iep.utm.edu/m/milljs.htm
8.http://www.laits.utexas.edu/poltheory/jsmill/diss-disc/bentham/bentham.s04.html

1 comment:

  1. Дымным утром,
    Ушли с большой перемены,
    Упали в мягкие ворсы...
    Чую нутром,
    Но будут проблемы,
    Давай на азбуке Морзе...

    ReplyDelete