Saturday, February 6, 2010

სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობა

აღნაგობა

აღნაგობის უფლება სხვისი საკუთრებით, კერძოდ სხვისი მიწის ნაკვეთით შეზღუდული სარგებლობის ერთ-ერთი სანივთო უფლებაა. აღნაგობის უფლების მქონე პირი (მეაღნაგე) სარგებლობს თითქმის იმავე უფლებამოსილებით, როგორც მესაკუთრე. მას აქვს ამ უფლების სარგებლობის, თხოვების, გაქირავების, მემკვიდრეობით გადაცემის და გასხვისების უფლება. აღნაგობის უფლება საკუთრების უფლებისგან განსხვავდება იმით, რომ იგი გარკვეული ვადით (მაქსიმუმ 59 წლით) გაიცემა (მ.233.3). ვადის დადგენა საჭიროა, რამდენადაც აღნაგობის უფლება მეტად ზღუდავს საკუთრების უფლებას და იგი ფიქსირებული უნდა იყოს, რომ არ დაიკარგოს მესაკუთრის უფლებები.
აღნაგობის უფლების ობიექტია მიწის ნაკვეთი, რომელიც პირს კონკრეტული მიზნისათვის _ მის ზემოთ, ან მის ქვემოთ რაიმე ნაგებობის ასაგებად _ გადაეცემა. ამასთანავე, აღნაგობის უფლება შეიძლება გავრცელდეს მიწის ნაკვეთის სხვა ნაწილებზე, თუ ისინი იძლევიან ნაგებობით უკეთ სარგებლობის შესაძლებლობას. (მ.233.2). აღნაგობის უფლების გავრცელება გვერდით ტერიტორიაზე ზედმეტს ხდის სერვიტუტით სარგებლობის საჭიროებას. ამასთან, აღნაგობის უფლება სხვა სანივთო უფლების დატვირთვის საგანია, რაც იმასაც ნიშნავს, რომ შეიძლება ერთი აღნაგობის უფლება მეორე აღნაგობის უფლებით დაიტვირთოს. ასეთ შემთხვევაში ეს უკანასკნელი დამოკიდებული იქნება ძირითად აღნაგობის უფლებაზე, რომელიც პირველი რიგის უფლებად იქნება დარეგისტრირებული. როცა გავა ძირითადი აღნაგობის ვადა, შეწყდება დაქვემდებარებულიც. ეს საჭიროა იმიტომ, რომ ერთ მიწის ნაკვეთზე მხოლოდ ერთი აღნაგობის უფლების არსებობა შეიძლება, დაქვემდებარებული კი რამდენიმე შეიძლება იყოს.
აღნაგობის უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია მეაღნაგესა და მესაკუთრეს შორის გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული აღნაგობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ანუ აღნაგობის უფლების წარმოშობისათვის გამოიყენება იგივე წესები, რაც უძრავი ქონების შეძენის მიმართ (მ. 234.1 და მ.183). აღნაგობის უფლება რეესტრში შეიტანება პირველი რიგის უფლებად (მ.237). თუ აღნაგობის უფლება დატვირთულია იპოთეკით, რეესტრში ჯერ იწერება აღნაგობის უფლება, შემდეგ იპოთეკა. აღნიშნული უპირატესობა შეიძლება იმითაც იყოს გამოწვეული, რომ იპოთეკა აქცესორული უფლებაა და ვალდებულებითი უფლების სამსახურშია, აღნაგობა კი _ სანივთოა და საკუთრების ერთგვარი “სუროგატიც” კია.
მეაღნაგეს აგებულ ნაგებობაზე არ წარმოეშობა საკუთრების უფლება, მას აქვს მხოლოდ მფლობელობისა და საკუთრების უფლება. ეს ნაგებობა აღნაგობის უფლების არსებითი შემადგენელი ნაწილია (მ.234.2) და მასზე ვრცელდება ამ უფლების მდგომარეობა. თუ მეაღნაგე ნაკვეთს სხვა მიზნით გამოიყენებს, აღნაგობის უფლება გაბათილდება. მეაღნაგე ფაქტობრივად ვალდებულია, აღმართოს ნაგებობა (მიწის ქვეშ ან მის ზემოთ). მხარეთა შეთანხმებით, ასევე შესაძლებელია, ნაგებობის მიზნობრივი გამოყენება იქცეს აღნაგობის უფლების შინაარსის ელემენტად.
მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ აღნაგობის უფლების გასასხვისებლად, ან გასაქირავებლად საჭიროა მესაკუთრის თანხმობა. ასეთი შეთანხმების არსებობისას მესაკუთრეს შეუძლია თანხმობაზე უარის თქმა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქვს საამისოდ მნიშვნელოვანი საფუძველი (მ.235). თუ რა ჩაითვლება მნიშვნელოვან საფუძვლად, შეიძლება გადაწყდეს კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე. მესაკუთრის თანხმობა სანივთო-სამართლებრივი ხასიათისაა და საადგილმამულო წიგნში უნდა იქნეს შეტანილი.
აღნაგობის უფლება შეიძლება იყოს როგორც სასყიდლიანი, ისე უსასყიდლო. თუ აღნაგობა სასყიდლიანია, იგი განისაზღვრება მესაკუთრის სასარგებლოდ განუყოფლად მიწის ნაკვეთის საკუთრებისაგან. რამდენადაც საზღაურის საკითხის წამოჭრა მესაკუთრის სუბიექტურ ნებაზეა დამოკიდებული, ითვლება, რომ სახეზეა სუბიექტური სანივთო უფლება. საზღაური მხარეებმა შეიძლება განსაზღვრონ 10 წლის შუალედით, ანუ ყოველი 10 წლის მანძილზე დადგენილი საზღაური უცვლელი იქნება. მაგრამ თუ ეკონომიკური პირობები არსებითად იცვლება (მაგალითად, ინფლაცია, ვალუტის კურსის დიდი მერყეობა და ა.შ.), მაშინ მხარეები თავიდან უნდა შეთანხმდნენ საზღაურზე. თუ მეაღნაგე 2 წლის მანძილზე არ გადაიხდის გადასახადს, მესაკუთრეს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მესაკუთრის ეს უფლება განუყოფელია საკუთრების უფლებისაგან, ამიტომ ნაკვეთის უკან გამოთხოვის უფლება უნდა მივიჩნიოთ აღნაგობის უფლების შინაარსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად, რადგან ამით ჩანს, რომ მესაკუთრე არაა საკუთრების ობიექტისგან გაუცხოებული.
აღნაგობის უფლების შეწყვეტა მხარეთა შეთანხმების გზით შეიძლება მოხდეს, ამისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა, მაგრამ თუ მესაკუთრემ დაარღვია ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები გამოიყენება 405-ე მუხლით დადგენილი წესები. თუმცა, ბესარიონ ზოიძე მიიჩნევს, რომ რამდენადაც, აღნაგობის უფლება სანივთო უფლებაა, აქ დაუშვებელია ხელშეკრულებიდან გასვლის ვალდებულებით-სამართლებრივი ინსტიტუტის გამოყენება. მისი რეგისტრაციით არ წარმოიშობა არც კანონისმიერი გასვლის საფუძველი. პროფ. ზოიძის აზრით, ამ თავისებურების მიზანია, დაიცვას როგორც მეაღნაგე, ისე მიწის მესაკუთრე. 238.2 მუხლის თანახმად, აღნაგობის უფლება არ ისპობა ნაგებობის დანგრევით, რამდენადაც აღნაგობის უფლება მიწის ნაკვეთზე ვრცელდება და შენობა ამ უფლების არსებითი შემადგენელი ნაწილია.
აღნაგობის უფლების შეწყვეტის ნორმალური საფუძველია ვადის გასვლა. მისი საჯარო რეესტრში შეტანა არაა აუცილებელი, თუ მაინც იქნა შეტანილი, მას დეკლარაციული ხასიათი ექნება. უფლება ვადის გასვლით წყდება და არაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება ამის შემდეგ მოვლენები.
სასყიდლიანი აღნაგობის ვადის გასვლის შემთხვევაში, მესაკუთრეს შეუძლია გაუგრძელოს უფლება მეაღნაგეს, ან შესთავაზოს სათანადო ანაზღაურება ნაგებობისათვის, რაც შენობის 2/3 მაინც უნდა იყოს. თუ მესაკუთრემ უფლების გაგრძელება შესთავაზა და მეაღნაგემ ამაზე უარი თქვა, ეს უკანასკნელი კარგავს თანხის მოთხოვნის უფლებასაც. ეს გამოწვეული უნდა იყოს იმით, რომ აღნაგობის უფლების მიზანია არა თანხის მიღება, არამედ შენობის აღმართვა და მისი გამოყენება. რამდენადაც უფლების ხასიათს განსაზღვრავს არა თავისთავად ქონების სარგებლობაში გადაცემა, არამედ ამ სარგებლობის შინაარსი. თუ აღნაგობა უსასყიდლოა, ლოგიკურია, რომ შეთავაზება ხდება მხოლოდ აღნაგობის უფლების გაგრძელების. აღნაგობის უფლების შეწყვეტით ნაგებობა გადადის მიწის მესაკუთრის საკუთრებაში და მეაღნაგეს არ აქვს უფლება წაიღოს ნაგებობა ან მისი შემადგენელი ნაწილები.
აღნაგობის შეწყვეტის შემდეგ, ანაზღაურების მოთხოვნა, თუ ასეთი არსებობს, იკავებს აღნაგობის ადგილს რეესტრში იმავე რიგით. ხოლო თუ აღნაგობა იპოთეკით იყო დატვირთული, იპოთეკარს ექნება ანაზღაურებაზე გირავნობის უფლება (მ.240). ამრიგად, იპოთეკარის პიროვნება არ იცვლება, ხოლო იპოთეკა გირავნობად იქცევა. ხოლო მიწის მესაკუთრე, რომელიც ნაგებობის მესაკუთრე გახდა, მეაღნაგის უფლებამონაცვლეა ყველა ურთიერთობაში, რაც არსებობდა მეაღნაგესთან, მაგალითად, ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულება (მ.241).


უზუფრუქტი

უზუფრუქტი გულისხმობს სხვისი უძრავი ნივთით სარგებლობას და მისგან ნაყოფის მიღებასაც კი, ნივთის ძირითადი თვისებების (სუბსტანციის) შენარჩუნების პირობით. უზუფრუქტუარს, მესაკუთრის მსგავსად, შუძლია ფლობდეს და სარგებლობდეს ნივთით, მას არ აქვს ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება. ნივთის მესაკუთრე “ფორმალურად” ინარჩუნებს საკუთრების უფლებას და შეუძლია გააკონტროლოს უზუფრუქტუარი.
უზუფრუქტი ვრცელდება ნივთის არსებით და არაარსებით ნაწილზეც, თუმცა, ეს უკანასკნელი შეიძლება ჩამოშორდეს მას. ამასთან, უზუფრუქტუარი უფლებამოსილია მიიღოს ნივთიც ნაყოფიც და სარგებელიც.
მესაკუთრის თანხმობის შემთხვვაში უზუფრუქტუარს შეუძლია ნივთი გააქირაოს ან იჯარით გასცეს, ასეთ შემთხვევაში უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ მისი უფლებამონაცვლე ამ ურთიერთობებში ხდება მესაკუთრე, რამდენადაც მან გამოხატა თავისი ნება.
უზუფრუქტუარს შეუძლია გამოიყენოს მესაკუთრის მსგავსად დაცვის სამოქალაქო-სამართლებრივი საშუალებები (ვინდიკაციური და ნეგატორული სარჩელები).
უზუფრუქტის დასადგენად, ისევე როგორც სხვა შეზღუდული უფლებების შემთხვევაში, გამოიყენება იგივე წესები რაც უძრავი ნივთების შეძენის დროს. ანუ: აუცილებელია უზუფრუქტუარსა და მესაკუთრეს შორის გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული უზუფრუქტის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (მ.243 და მ.183).
უზუფრუქტი შეიძლება წარმოიშვას როგორც კანონის, ისე გარიგების საფუძველზე, მ.შ. ცალმხრივი გარიგებითაც. კანონისმიერი უზუფრუქტი ძირითადად გამოიყენება სახელმწიფო ქონების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე სარგებლობაში გადაცემისას.
უზუფრუქტი შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო. შეიძლება არსებობდეს დროებით, ან უზუფრუქტუარის სიცოცხლის ხანგრძლივობის მანძილზე, რაც ნიშნავს, რომ იგი უქმდება ფიზიკური პირის გარდაცვალებით, ან იურიდიული პირის ლიკვიდაციით (მ.244). უზუფრუქტი მტკიცედაა დაკავშირებული უზუფრუქტუარის პიროვნებასთან, ამდენად მას არ ახასიათებს გადაცემადობა, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც უზუფრუქტუარი იურიდიული პირია: როცა ერთი იურიდიული პირის ქონება უნივერსალური უფლებამონაცვლეობით გადადის მეორის ხელში, უზუფრუქტიც გადავა.
უზუფრუქტის ობიექტი უძრავი, ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთია, რომელსაც გააჩნია გარკვეული სამეურნეო დანიშნულება და მისი სარგებლობისას შენარჩუნებული უნდა იყოს მისი თვისებები. სარგებლობა ნივთის ექსპლუატაციას და მის ნორმალურ ცვეთას გულისხმობს, ამიტომ უზუფრუქტუარს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ნივთის ნორმალური ცვეთისათვის. იგი ვალდებულია მხოლოდ აანაზღაუროს ნივთის საეგებლობასთან დაკავშირებული ნორმალური ხარჯები, გაარემონტოს იგი და საერთოდ იზრუნოს ნივთის ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის. ამასთან დაკავშირებით შესაძლებელი დავების თავიდან ასაცილებლად მხარეებს შეუძლიათ აღწერონ გადასაცემი ობიექტის მდგომარეობა.
უზუფრუქტუარს ეკისრება აგრეთვე ვალდებულება უზუფრუქტის მოქმედების მანძილზე სათანადოდ დააზღვიოს ნივთი და დაზღვევის ხელშეკრულება დაიდება მზღვეველსა და უზუფრუქტუარს შორის.
უზუფრუქტუარი ვალდებულია, ითმინოს ნივთთან დაკავშირებული დატვირთვები, როგორც საჯარო-სამართლებრივი, ისე კერძო-სამართლებრივი. უზუფრუქტუარი ვალდებულია, უზუფრუქტის არსებობის პერიოდში იხადოს ნივთთან დაკავშირებული გადასახადები და პასუხი აგოს სხვადასხვა კერძო-სამართლებრივ ვალდებულებებზე.
უზუფრუქტის დადგენის დროს განისაზღვრება ნივთის სარგებლობის მიზანი, რომელიც, როგორც წესი, მისი სამეურნეო დანიშნულებიდან გამომდინარეობს, ამიტომ უზუფრუქტუარს არ აქვს უფლება მესაკუთრის თანხმობის გარეშე შეცვალოს სარგებლობის მიზანი. მიუხედავად ამისა, თუ უზუფრუქტუარი მაინც გამოიყენებს ნივთს ჩვეულებრივი სამეურნეო გამოყენების ფარგლებს მიღმა, იგი ვალდებულია მესაკუთრეს აუნაზღაუროს ამით მიყენებული ზიანი. ხოლო ნაყოფი ან სარგებელი, რომელიც წარმოიშვა ასეთი გამოყენების შედეგად, უზუფრუქტუარს რჩება.
უზუფრუქტუარს ეკისრება ვალდებულება ნივთის განადგურების, დაზიანების ან მის შესანახად წარმოშობილი გაუთვალისწინებელი ხარჯების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მესაკუთრეს. მან უნდა ითმინოს ის დისკომფორტი, რომელიც წარმოიშობა ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად გატარებული ღონისძიებების შედეგად. თუ ამ ღონისძიებებს თავად უზუფრუქტუარი ატარებს, მას უფლება აქვს მოაშოროს ნივთს მიმატებული საგნები, თუ ეს შესაძლებელია, ან მესაკუთრისგან მოითხოვოს სათანადო კომპენსაცია.
უზუფრუქტის დამთავრების შემდეგ ნივთი უბრუნდება მესაკუთრეს. ამასთან, უზუფრუქტი წყდება, თუ ნივთის მესაკუთრე და უზუფრუქტუარი ერთი და იგივე პიროვნება გახდება, რადგან უზუფრუქტი სხვისი საკუთრებით სარგებლობას გულისხმობს.


სერვიტუტი

სერვიტუტი არის ერთი მიწის ნაკვეთის (ან სხვა უძრავი ქონების _ დამხმარე ნივთის) გამოყენების უფლება სხვა მიწის ნაკვეთი (ან სხვა უძრავი ქონების _ ძირითადი ნივთის) მესაკუთრის სასარგებლოდ ან საჭიროებისათვის. სერვიტუტის უფლებამოსილების მქონე პირს უფლება ეძლევა:
1) ცალკეულ შემთხვევებში დატვირთული ნაკვეთის სარგებლობის; ან
2) ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელების აკრძალვის; ან
3) გამორიცხოს დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ.
შესაბამისად, სერვიტუტი შეიძლება იყოს როგორც “დადებითი”, ისე “უარყოფითი”: “დადებითი” გულისხმობს სერვიტუტის მქონე პირის უფლებას განახორციელოს გარკვეული მოქმედებები დამხმარე მიწის ნაკვეთის საშუალებით. “უარყოფითი” კი უფლებამოსილს ხდის ძირითადი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს დამხმარე ნაკვეთის მესაკუთრეს თავი შეიკავოს ნივთის ამა თუ იმ სახით გამოყენებისაგან.
სერვიტუტი მხოლოდ ნაწილობრივ ზღუდავს დამხმარე უძრავი ქონების მესაკუთრის უფლებამოსილებებს და თანაც იმ ფარგლებში, რა მოცულობითაც დატვირთულია ეს ქონება. სერვიტუტი ისე უნდა დადგინდეს, რომ ამან სხვისი საკუთრება ნულად არ აქციოს. ყველგვარი შეთანხმება, რითაც დაირღვევა სერვიტუტის მიზანი, რომ მან სარგებელი უნდა მოუტანოს ძირითად ნივთს და დაუსაბუთებლად არ შეზღუდოს დამხმარე ნივთის მესაკუთრის ინტერესები, ბათილია.
სერვიტუტი, როგორც წესი არაა შეზღუდული ვადით, როგორც საკუთრების უფლება, თუმცა მხარეთა ნებით გარკვეული ვადის განსაზღვრა არაა გამორიცხული. 247.2 მუხლიდან გამომდინარე სერვიტუტი სასყიდლიანია და საზღაური შეიძლება განისაზღვროს პერიოდული გადასახდელის სახით.
სერვიტუტის დასადგენად, ისევე როგორც სხვა შეზღუდული უფლებების შემთხვევაში, გამოიყენება იგივე წესები რაც უძრავი ნივთების შეძენის დროს. ანუ: აუცილებელია სერვიტუტი ს უფლებამოსილების მქონე პირსა და მესაკუთრეს შორის გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული სერვიტუტის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (მ.247 და მ.183).
სერვიტუტის წარმოშობა ხდება ორი გზით: კანონის ობიექტურ-ნორმატიული ნების საფუძველზე და პირთა სუბიექტური ნების, გარიგების საფუძველზე. არაა გამორიცხული, რომ სერვიტუტის შინაარსის ფორმით, უსერვიტუტოდაც განხორციელდეს სხვისი უძრავი ნივთით სარგებლობა ვალდებულებით-სამართლებრივი გარიგების საფუძველზე.
სერვიტუტის ცნების აუცილებელი ნიშანია შეღავათი, რომელსაც ძირითადი ნივთის მესაკუთრე ღებულობს. სერვიტუტის განხორციელებისას უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაიცვას სერვიტუტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლები. კერძოდ, იგი ვალდებულია გაუფრთხოლდეს დამხმარე ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესებს და შეძლებისდაგვარად “დაინდოს” ეს ინტერესები და ეცადოს, უარყოფითი ზემოქმედებანი მინიმუმამდე დაიყვანოს. ამ ფარგლების დარღვევა გამოიწვევს დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლებებისა და ინტერესების შელახვას. ამ შემთხვევაში საქმე გვექნება საკუთრების უდლების დარღვევასთან და, შესაბამისად, ამოქმედდება სამოქალაქო კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც საკუთრების დაცვას უზრუნველყოფენ (მ.შ. ნეგატორული სარჩელი).
თუ სერვიტუტის სათანადოდ განხორციელება მოიცავს დატვირთული მიწის ნაკვეთზე მდებარე ნაგებობასაც, მაშინ უფლებამოსილ პირს ეკისრება ამ ნაგებობის სათანადოდ მოვლის ვალდებულება. ამავე დროს, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ ნაგებობის მოვლის ვალდებულება დაეკისროს დამხმარე ნაკვეთის მესაკუთრეს, თუ ამას მოითხოვს უფლებამოსილი პირის ინტერესები (მ.249). ნაგებობის მოვლის ვალდებულება დამხმარე ნაკვეთის მესაკუთრეს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ორი პირობის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში: 1) მხარეები შეთანხმდნენ და 2) ამას მოითხოვს უფლებამოსილი პირის ინტერესები.
დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრე არაა ვალდებული რაიმე აქტიური მოქმედებები განახორციელოს მესერვიტუტის სასარგებლოდ. მისი ერთადერთი ვალდებულებაა, ხელი არ შეუშალოს ამ უკანასკნელს სერვიტუტის უფლებამოსილების განხორციელებაში. ამდენად, სერვიტუტზე უფლების სარეალიზაცი ხარჯები დაინტერესებული პირის კისერზეა. ვინც სარგებლობას იღებს, ხარჯებსაც ის ეწევა, ამიტომ ნაგებობის მოვლის ვალდებულებაც სერვიტუტის უფლებამოსილების მქონე პირზეა. ნაგებობა უნდა ჩაითვალოს სერვიტუტის შემადგენელ ნაწილად.
უფლებამოსილი პირის ნაკვეთის გაყოფა არ წარმოადგენს სერვიტუტის შეწყვეტის საფუძველს. ამ შემთხვევაში სერვიტუტი გაგრძელდება თითოეულ ნაკვეთზე ცალ-ცალკე, თუ ამის შედეგად არ გაუარესდება დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის მდგომარეობა (მ.250).
იმ შემთხვევაში, თუ გაიყო დატვირთული მიწის ნაკვეთი და სერვიტუტი მოქმედებდა ნაკვეთის ნაწილზე, მაშინ გაყოფის შემდეგაც იგი ამ ნაწილზე გავრცელდება, სხვა ნაწილი კი სერვიტუტისგან თავისუფალი იქნება (მ.251). ხოლო, თუ სერვიტუტი მთელს ნაკვეთზე ვრცელდებოდა, მაშინ გაყოფის შემდეგ გავრცელდება თითოეულ ნაწილზე.
უფლებამოსილი პირის სერვიტუტით გათვალისწინებული უფლებების დარღვევისას გამო¬იყე¬ნება იგივე სამოქალაქო-სამართლებრივი დაცვის ზომები, რაც კეთილსინდისიერი მფლო¬ბე¬ლის შემთხვევაში (მ.252). მაგალითად, მას შეუძლია მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა (ნეგა¬ტო¬რუ¬ლი სარჩელი – მ.161). ხელშეშლის აღკვეთის ვალდებულება ეკისრება როგორც დამხმარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, ისე მესამე პირებსაც (მაგალითად, დამქირავებელს). უფლე¬¬ბამოსილ პირს, გარდა ხელშეშლის აღვკეთისა, შეუძლია ზიანის ანაზღაურებაც მოითხოვოს.
საერთოდ, განასხვავებენ ორი კატეგორიის სერვიტუტს: პრედიალურს, ანუ საადგილმამულოს და პირადს, ანუ პერსონალურს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს შეზღუდული პირადი სერვიტუტის არსებობასაც: უძრავი ნივთი შეიძლება ამა თუ იმ პირის სასარგებლოდ სერვიტუტით დაიტვირთოს 247-ე მუხლში გათვალისწინებული პირობით. ამგვარი დატვირთვა შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ უფლებამოსილ პირს მესაკუთრის გამორიცხვით შეუძლია შენობა ან შენობის ნაწილი თავისთვის ან თავისი ოჯახისთვის გამოიყენოს ბინად (მ.253.1).
პირადი სერვიტუტი ეკუთვნის განსაზღვრულ პირს პერსონალურად, ხოლო პრედიალური _ პირს, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს. შესაბამისად, სერვიტუტის უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილებისას, საადგილმამულო სერვიტუტი არ იცვლება, ხოლო პირადი სერვიტუტი კი _ წყდება, იგი სხვა პირს არ გადაეცემა (მ.253.2).
შეზღუდული პირადი სერვიტუტი შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც ფიზიკურ, ისე _ იურიდიულ პირთან (როგორ კერძო, ისე საჯარო სამართლის) და ამ პირის ინტერესებს ემსახურება. შესაბამისად, მის გაუქმებას გამოიწვევს ამ პირის გარდაცვალება (იურიდიული პირის შემთხვევაში _ ლიკვიდაცია, უფრო ზუსტად, ლიკვიდაციის პროცესის დასასრული). შეზღუდული პირადი სერვიტუტი შეიძლება სხვა გზებითაც შეწყდეს: გარიგებით ან უფლებამოსილი პირის ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე, რამდენადაც სერვიტუტი მის სასარგებლოდ არსებობს. შესაძლებელია ხანდაზმულობითაც, თუ შეუძლებელი იქნება მისი გამოყენება ხანგრძლივი დროის მანძილზე.
შეზღუდული პირადი სერვიტუტიც იმავე თვისებებით ხასიათდება, რაც პრედიალურს გააჩნია, კერძოდ: ისიც შეიძლება იყოს ნეგატიური (უძრავი ქონების განსაზღვრული მიზნით გამოყენების აკრძალვა) და პოზიტიური. იგი შეიძლება დადგინდეს გარიგებით, და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. სადავოა საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება დადგინდეს პირადი სერვიტუტი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რადგან მის დასადგენად აუცილებელია მხარეთა ნების გამოვლენა, ამიტომ გერმანული სამართლით, სასამართლო კი არ ადგენს პირად სერვიტუტს, არამედ აიძულებს მხარეს, გააფორმოს შესაბამისი სანივთო გარიგება.
დაუშვებელია შეზღუდული პირადი სერვიტუტის გარდაქმნა საადგილმამულო სერვიტუტად. შეიძლება გაუქმდეს ერთი და თავიდან დადგინდეს მეორე.
კოდექსი არ საუბრობს სერვიტუტის შეწყვეტის შესახებ, თუმცა შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ამისათვის გამოიყენება სანივთო უფლების შეწყვეტისათვის დადგენილი ზოგადი წესები იმისდა მიხედვით, თუ კონკრეტულ შემთხვევაში რომელ სერვიტუტთან გვაქვს საქმე. სერვიტუტის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს მისი გამოყენების შეუძლებლობა როგორც სამართლებივ, ისე ფაქტობრივ გარემოებათა გამო; ასევე უფლებამოსილი პირის მხრიდან ინტერესის დაკარგვა, რამდენადაც ამ უფლებას სარგებელი უნდა მოჰქონდეს; ასევე დამხმარე და ძირითადი ნივთის ერთი პირის საკუთრებაში გადასვლა; ხანდაზმულობის ვადის გასვლა ხელშეშლის აღკვეთს მოთხოვნის უფლებაზე.
შესაძლებელია სერვიტუტის არა მარტო შეწყვეტა, არამედ მისი შინაარსის ცვლილება მხარეების ნების საფუძველზე.

1 comment:

  1. აღნაგობის უფლება = Право застроения

    ReplyDelete