Sunday, December 13, 2009

საკუთრება

საკუთრების შინაარსი

საკუთრების უფლებას სამოქალაქო კოდექსი განმარტავს, როგორც ნივთის მფლობელობის, სარგებლობისა, და განკარგვის უფლებამოსილებათა ერთიანობას. საკუთრება მოიაზრება თავისი პოზიტიური და ნეგატიური მდგომარეობით. პოზიტიურ შინაარსში იგულისხმება მესსაკუთრის ნივთთან ურთიერთობა, რაც საკუთრების სტატიკური მდგომარეობის გამომხატველია. აქ ხაზი ესმება საკუთრების მოხმარებით, დანიშნულებით მდგომარეობას. ნეგატიურ შინაარსში კი იგულისხმება ნივთის თაობაზე პირთა შორის ურთიერთობა, რასაც აბსოლუტური ურთიერთობა ჰქვია. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა მესამე პირი ვალდებულია თავი შეიკავოს სხვისი საკუთრების დარღვევისაგან.
მესაკუთრის უფლებამოსილებებიც შეზღუდულია ან კანონით ან ხელშეკრულებით. სწორედ ამას გულისხმობს კოდექსის ნორმა: “მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას (მ.170.1).”
მესაკუთრეს ეკრძალება თავისი უფლების ბოროტად გამოყენება (შიკანა), რაც გულისხმობს ისეთ ქმედებას, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არაა გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესების უპირატესობა და მოქმედების აუცილებლობა. სამოქალაქო სამართალი ვერ ითმენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ მოვალეობა თვით უფლებაშია ჩადებული, თუმცა დოქტრინის მიხედვით უფლების ბოროტად გამოყენება უფლების ფარგლებიდან გამოდის და ეს უფლების გარეშე მოქმედებაა. შიკანა იწყება იქ, სადაც უფლება იწყება ზიანის მიყენების, დელიქტის იარაღად.
სარგებლობის უფლება სამოქალაქო კოდექსის მიხედვით არის უფლება ისარგებლო ან არ ისარგებლო ნივთით. თუმცა კანონი ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებსაც, როდესაც მესაკუთრეს შეიძლება დაეკისროს ნივთით სარგებლობის ან მოვლისა და შენახვის ვალდებულება, თუ ამ ნივთის გამოუყენებლობა ან მოუვლელობა ხელყოფს საზოგადო ინტერესებს. ამას მაშინ ექნება ადგილი, როცა საკუთრების ობიექტი განსაკუთრებული სოციალური, კულტურული ფასეულობაა. თუ მესაკუთრე თავად ვერ/არ ახორციელებს ასეთ ვალდებულებას, მას შეიძლება დაევალოს შესაბამისი სასყიდლით ნივთის სხვა პირისათვის სარგებლობაში გადაცემა.
ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი არის ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია ამ ნივთის, ან ამ ნაწილის განადგურების, ან მათი დანიშნულების დაკარგვის გარეშე, იგი ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში (მ.150.1). შესაბამისად, ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც (მ.171).

მესაკუთრის უფლების დაცვა ხდება ვინდიკაციური (მ.172.1) და ნეგატორული (მ.172.2) სარჩელებით. ამ სარჩელებს მესაკუთრე მიმართავს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა. ვინდიკაციური სარჩელი გამოიყენება, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირება სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. როცა ნივთი მესაკუთრის ხელიდან მისი ნების გარეშე გამოდის, მას შეუძლია ნებისმიერ პირს (მ.შ. კეთილსინდისიერ შემძენს) გამოსთხოვოს ნივთი და ეს უკანასკნელი ვალდებულია დააბრუნოს იგი. აუცილებელია, რომ პირს, რომლისგანაც მესაკუთრე ნივთს ითხოვს, არ ჰქონდეს მფლობელობის უფლება (მაგალითად, მოქირავნე, მთხოვებელი და ა.შ.). ნეგატორული სარჩელი გამოიყენება, როცა მესაკუთრე კვლავაც ნივთის მფლობელია, მაგრამ სხვისი უკანონო მოქმედების გამო ხელი ეშლება საკუთრების გამოყენებაში. ამ შემთხვევაში მას შეუძლია ხელისშემშლელს მოსთხოვოს ასეთი მოქმედების აღკვეთა. და თუ მოთხოვნის შემდეგაც გაგრძელდა ხელშეშლა, მესაკუთრეს შეუძლია მოქმედების აღსაკვეთად სასამართლოს მიმართოს.
დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსით უძრავ ნივთზე ნეგატორული სარჩელის გამოყენების სპეციალური წესი არსებობს: თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელისშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოსაგან, კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გზით, გარდა სავარაუდო ხელმყოფის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევისა (მ.172.3). ასეთ შემთხვევაში მესაკუთრე არაა ვალდებული პირდაპირ სასამართლოს მიმართოს და უფრო მარტივი პროცედურებით შეუძლია აღკვეთოს უკანონო ხელშეშლა. სამართალდამცავ ორგანოებს წარედგინება საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელისშემშლელს არ აქვს უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი, სამართალდამცავი ორგანოები აღკვეთენ მისი მხრიდან ხელყოფას. ხოლო თუ მას ასეთი დოკუმენტები გააჩნია, მაშინ საქმეში სასამართლო ერევა.

საერთო საკუთრება არაა საკუთრების რაიმე ფორმა. იგი წარმოიშობა როგორც კანონის, ისე გარიგების საფუძველზე. საერთო საკუთრება შეიძლება იყოს წილადი, როდესაც თითოეულ თანამესაკუთრეს გარკვეული წილი გააჩნია საერთო საკუთრებაში ან საზიარო, როდესაც თითოეული თანამესაკუთრის უფლება ვრცელდება მთელს ქონებაზე. როგორი იქნება საერთო საკუთრება განისაზღვრება არა იმდენად მხარეთა ნების საფუძველზე, არამედ საკუთრების ობიექტის თავისებურებებიდან. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო (მ.173. ნ.1 წ.2). ეს შეიძლება გააკეთოს ნებისმიერმა თანამესაკუთრემ, ან ასეთი მოთხოვნა მინდობილი ჰქონდეს საერთო საკუთრების მართვის ორგანოებს. კოდექსი ითვალისწინებს საერთო საკუთრების დაცვის შესაძლებლობებსაც: ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ (მ.173. ნ.1 წ.3). მართალია კოდექსი, ამ მხრივ, მხოლოდ ვინდიკაციურ სარჩელს ახსენებს, მაგრამ სავარაუდოა, რომ ნეგატორული სარჩელიც იგულისხმება. მთავარი ისაა, რომ საკუთრების დაცვა ხდება ყველა მესაკუთრის ინტერესების სასარგებლოდ.
საერთო საკუთრების სარგებლობა და განკარგვა ხდება კანონით დადგენილი წესით ან თანამესაკუთრეთა ურთიერთშეთანხმებით. ასე, მაგალითად, საერთო საკუთრებაში არსებული ნივთი თანამესაკუთრეებთან შეთანხმების საფუძველზე შეიძლება დაგირავდეს ან უფლებრივად დაიტვირთოს ერთ-ერთი მესაკუთრის სასარგებლოდ და მისი ინტერესებისათვის (მ.173.2). ამ შემთხვევაში დამგირავებელია ყველა თანამესაკუთრე ერთდროულად.
საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის შენახვისა და მოვლის ხარჯები თანამესაკუთრეებს ეკისრებათ თანაბრად, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (მ.173.3). მართალია, საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობა ერთობლივად ხორციელდება, მაგრამ თანამესაკუთრეს უფლება აქვს ცალკეულ შემთხვევებში დამოუკიდებლად განახორციელოს ეს უფლებამოსილება.
მოქმედი კოდექსის თანახმად, საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით (მ.173.4). უპირატესი შესყიდვის უფლება გულისხმობს იმას, რომ თუ თანამესაკუთრე მოინდომებს ნივთის გასხვისებას, ვიდრე მესამე პირს შესთავაზებდეს ყიდვას, მანამდე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს თანამესაკუთრეს ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსი და ვადასაც ნიშნავს, რა დროშიც თანამესაკუთრეს შეუძლია შეიძინოს ნივთი. თუ ეს უკანასკნელი თანახმაა პირობებზე, მაშინ იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში უპირატესი შესყიდვის უფლება ქარწყლდება და გამყიდველს შეუძლია სხვა პირს მიჰყიდოს ნივთი.
თუ უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს რამდენიმე პირს, გამყიდველი არჩევს ერთ-ერთს, რომელსაც მიჰყიდის ნივთს. უპირატესი შესყიდვის უფლება არ მოქმედებს წილის საჯარო ვაჭრობის გზით (მაგალითად, აუქციონზე) გასხვისების შემთხვევაში.
უპირატესი შესყიდვის უფლება გარკვეულწილად ზღუდავს სახელშეკრულებო თავისუფლებას, ამიტომ მოქმედმა კოდექსმა დაადგინა, რომ ეს უფლება შეიძლება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით განისაზღვროს.

3 comments:

  1. Позвони, и я буду ждать, Я буду знать, Кому из нас верить.

    Газовых горелок больше нет,
    Нули своё забирают,
    Обо мне узнаешь из газет,
    Учти - они привирают.

    Главное, что я еще чую,
    Главное, что я еще помню,
    Жаль что я совсем не рисую...

    Мне бы хотелось...
    Рисовать твои руки,
    Читать твои мысли,
    Не думать о звуках,
    Не помнить о числах,
    Рассказать тебе сотни,
    Смешных и не очень,
    Слишком долго сегодня ,
    Завтра будет короче...

    Может через пару тысяч лет...
    Ты увидишь свет моих комет...

    ReplyDelete
  2. ra minda gkitxot..
    samoqalaqo kodeqsi 2008 wlis ar gamomadgeba?
    bevri cvlileba shevida 2009-mde?

    ReplyDelete